English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ჩვენი იუბილარი პროფესორი როინ ქუტიძე – 80

ჩვენი იუბილარი

-------------------------------------------------------------

პროფესორი როინ ქუტიძე – 80

 

როინ ქუტიძე დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში. მამა – შოთა ქუტიძე, პროფესიით ეკონომისტი, აღიარებული სამეურნეო და საზოგადოებრივი მუშაკი იყო. უფრო მეტიც – მან ქ. ლენინგრადში წარმატებით დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამასთან დაკავშირებით, ინტერესმოკლებული არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ დაცვის პროცესში სამეცნიერო საბჭოს ერთერთმა წევრმა დისერტანტს ასეთი კითხვა დაუსვა: – „თქვენი სადისერტაციო თემა არსებითად საქართველოს ეკონომიკის აქტუალურ პრობლემას ეხება: – რატომ იცავთ დისერტაციას ლენინგრადში?“ – ყველასათვის მოულოდნელად დისერტანტის პასუხმა ტაში დაიმსახურა – ფაშისტების მიერ ბლოკირებულ ლენინგრადში როგორც აქტიური ჯარისკაცი ვიბრძოდი, არავის გაჩენია კითხვა რატომ!!! ეს იყო და ამით დამთავრდა ბატონი შოთას დისერტაციის წარმატებული დაცვის პროცედურა. რაც შეეხება ჩვენი იუბილარის დედას ქალბატონ ნინო ელიაძეს – პროფესიით პედაგოგი იყო და სკოლამდელი ბავშვების აღზრდას ემსახურებოდა.

როინ ქუტიძემ პირველდაწყებითი სწავლება გაიარა ქ.თბილისის  მე–15 ვაჟთა სკოლაში, ხოლო 1953 წლიდან, მამის სამსახურებრივ გამწესებამ დაბა ბოლნისში, განაპირობა ოჯახის გადასვლის აუცილებლობა და როინმაც სწავლა გააგრძელა ბოლნისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის ქართულ საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი წარჩინებით – ოქროს მედლით – დაამთავრა 1959 წელს და იმავე წელს კონკურსის წესით, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის ფაკულტეტზე – „მრეწველობის ეკონომიკის“ სპეციალობაზე. სტუდენტობის მთელ პერიოდში, მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, იგი ასევე გამოირჩეოდა სტუდენტთა სამეცნიერო წრეებსა და ახალგზრდულ ორგანიზაციებში აქტიური საქმიანობით. შედეგი – მან წარჩინებით დაამთავრა 1964 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1965–1968 წლებში იგი საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტთან არსებული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტია, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და აქვე აგრძელებს მუშაობას ჯერ უმცროს, ხოლო მერე – უფროს მეცნიერ მუშაკად. 

1970–1990 წლებში რ. ქუტიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია – პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის დოცენტის რანგში. 1976 –1984 წწ. სააღრიცხვო–ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანია, ხოლო     1998 წლიდან ეკონომიკური თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი.

პროფესორ როინ ქუტიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები ყოველთვის იყო მიმართული საზოგდოებრივი წარმოების ეფექტიანობისა და ქვეყნის შრომითი პოტენციალის ამაღლებისაკენ, რეალური სინამდვილის სრულყოფისაკენ. ამასთან, იგი სტუდენტთა რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორია, აღსანიშნავია, ისიც, რომ სადაც არ უნდა ემუშავა ბატონ როინს, ყველგან იგი იყო და არის თანამშრომლობისა და ქვეშევრდომებისადმი უარღესად მორიდებული და თავმდაბალი, ყველა სასიკეთო საქმის ინიციატორი და მხარდამჭერი, პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტის თაოსანი. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით მისი მეცნიერული ინტერესების სფერო ყოველთვის იყო ადამიანი, მისთვის მნიშვნელოვანი იყო მათი უნარები,  მისწრაფებები, პროფესიული სრულყოფა, შრომის ანაზღაურება და ა.შ.

დაბოლოს, „შეუდარებელი სიმდიდრეები:“  მეუღლე – ლეილა ეცადაშვილი, შთამომავლობა – სამი შვილი, ათი შვილიშვილი და თერთმეტი შვილთაშვილი, აგრძელებს ბატონ როინის ცხოვრებას. 

ჯანმრთელობას და დიდხანს ვუსურვებთ ჩვენს ღირსეულ იუბილარს – პროფესორ როინ ქუტიძეს.

 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საელმწიფო 

უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,

ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ სარედაქციო კოლეგია